15 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
. ღონისძიება გაიხსნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრის გიორგი ხატიძის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) ხელმძღვანელის გიორგი ჩხეიძის და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის ანა ზეცის მისალმებით.დღესვე გაიმართა პირველი ლექცია - ,,ადვოკატის უნარ-ჩვევები“.
ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტი და სასწავლო მოდულები შემუშავებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) დახმარებით.
სავალდებულო სტაჟირების სისტემა გულისხმობს, ადვოკატის პროფესიაში შემოსვლის მსურველის, პროფესიულ უნარ–ჩვევებში მომზადებას, სასწავლო და პრაქტიკული კურსის გავლის გზით.
სავალდებულო სტაჟირების სისტემის მიზანია, პროფესიაში გაწევრიანების მსურველთა საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკული ცოდნის და უნარ–ჩვევების გაღრმავება. საქართველოს კანონში „ადვოკატთა შესახებ“ შესული ცვლილებების შემთხვევაში, ადვოკატობის მსურველი ნებისმიერი პირი, ვინც წარმატებით ჩააბარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას და გადაწყვეტს ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას, ვალდებული იქნება გაიაროს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებლი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანი პროგრამა.
USAID-ის საქართველოში საქმიანობის შესახებ: უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო საქართველოში. USAID-ის პროექტები მიმართულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ჩამოყალიბებას თავისუფალ და აყვავებულ დემოკრატიად და მოიცავს ინიციატივებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და ჯანდაცვისა და განათლების გაუმჯობესებისათვის. USAID ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს. მეტი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ გვერდს: http://georgia.usaid.gov